ფაკულტეტის დეკანი პირველკურსელებს შეხვდა

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ პირველკურსელ სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

დეკანმა  გააცნო სტუდენტებს ფაკულტეტის საქმიანობა, მიზნები და ამოცანები. მოუწოდა მათ დისციპლინის დაცვისკენ და წარმატებები უსურვა სწავლაში. წარუდგინა აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელები, პირველკურსელთა კურატორები და მათთან აქტიური თანამშრომლობისაკენ მოუწოდა. გამოხატა მზადყოფნა, რომ ყველა სტუდენტს აქტიურად დაუდგეს გვერდში  და მათგანაც ელის კარგად სწავლას და დისციპლინირებულ ქცევას.

სტუდენტებს აუდიტორიებში ასევე შეხვდნენ ფაკულტეტის დეკანის მოადგილე პროფესორი ჯემალ გაბელია, საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი პროფესორი მაია ყიფიანი, სისხლის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი ჯემალ ჯანაშია, კერძო სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ციალა გლოველი,  საჯარო სამართლის დეპარტამენტის  ხელმძღვანელი პროფესორი მარიამ ჯიქია და სხვა პროფესორები, რომლებმაც უპასუხეს სტუდენტების შეკითხვებს.

შეხვედრის დასასრულს ფაკულტეტის დეკანმა სტუდენტებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა .

რეგისტრაცია ლიტვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე.

12-10-2017 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრი სტუ-ს სტუდენტებს იწვევს ლიტვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე დასარეგისტრირებლად.

ოქტომბრიდან იხსნება ახალი ჯგუფი, სადაც სტუდენტები შეისწავლიან არა მარტო ლიტვურ ენას, არამედ გაეცნობიან ლიტვას, მის კულტურასა და ტრადიციებს. ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრი მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში. პროექტების ფარგლებში ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ გაემგზავრონ ლიტვაში, გაეცნონ ლიტვას, მიიღონ სტიპენდიები ლიტვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსებისთვის, ასევე, საშუალება მიეცემათ ლიტვურ უნივერსიტეტებში სტიპენდიებით უფასო სწავლებისთვის.

ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრი მდებარეობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (კოსტავას ქუჩა #77) და მას ლიტვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აფინანსებს.

მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ Lithuania Georgia ფეისბუქის ჯგუფში.

რეგისტრაციაზე მისვლა პირადად შეიძლება შემდეგი გრაფიკით:
სამშაბათი, 17 ოქტომბერი, 16:00 – 18:00 სთ.
ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი, 16:00 – 18:00 სთ.
ხუთშაბათი, 19 ოქტომბერი, 15:00 – 17:00 სთ.
პარასკევი, 20 ოქტომბერი, 15:00 – 17:00 სთ.
შაბათი, 21 ოქტომბერი, 13:00 – 15:00 სთ.

მისამართი: სტუ-ს VI კორპუსი, ეკონომიკის დეპარტამენტი (VI სართული, ოთახი #615-ბ).

რეგისტრაცია ადამიანის უფლებათა სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად.

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (EWMI-PROLoG) პროგრამის მხარდაჭერით, აცხადებს სტუდენტური გუნდების რეგისტრაციას ადამიანის უფლებათა სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად.

შეჯიბრის ფარგლებში გუნდები წარმოადგენენ მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. დავის საგანია სიძულვილის ენა და ჰოლოკოსტის უარყოფა (რევიზიონიზმი). შეჯიბრის მსვლელობისას სტუდენტებს მოეთხოვებათ როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გამოყენება.

შეჯიბრი შედგება ტრენინგის, წერილობითი განაცხადის წარდგენისა და იმიტირებული სასამართლო პროცესებისგან. იმიტირებული სასამართლო პროცესის ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს წინა ეტაპიდან შერჩეული 8 გუნდი. შეჯიბრში მონაწილეობის ხარჯები სრულად ფინანსდება ა.შ.შ. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებული პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (EWMI-PROLoG) მიერ. რეგიონული უნივერსიტეტების ერთ სტუდენტურ გუნდს, ასევე დაუფინანსდება მგზავრობა და ცხოვრება შეჯიბრის მიმდინარეობისას. იმ შემთხვევაში, თუ რეგიონებიდან მონაწილე გუნდების რაოდენობა აღემატება ერთს, დაფინანსების მიმღები ერთი გუნდის შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

შეჯიბრის მონაწილე და გამარჯვებული გუნდები მიიღებენ სერტიფიკატებსა და წამახალისებელ ჯილდოებს.

მონაწილეობის წინაპირობები: შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში არსებული აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის სკოლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებით დაკომპლექტებულ გუნდებს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 წევრის შემადგენლობით. თითოეული უნივერსიტეტიდან გუნდების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს – http://nihr.freeuni.edu.ge/news/341/geo.

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

2017 წლის 13 ოქტომბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია უძღვებოდა.

უპირველეს ყოვლისა, დეკანმა  ფაკულტეტის საბჭოს გააცნო მიმდინარე  საკადრო ცვლილებები და მათ კიდევ ერთხელ წარუდგინა საჯარო, კერძო და სისხლის სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელები. ასევე, დეკანის წარდგენით ფაკულტეტის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება  კვლევითი-სამეცნიერო ინსტიტუტების დირექტორების დამტკიცების თაობაზე;

მეორე საკითხად საბჭომ განიხილა დეკანის შუამდგომლობა საინჟინრო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო სასწავლო პროგრამების შექმნასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის  ჩამოყალიბების შესახებ. დეკანმა დაწვრილებით ისაუბრა აღნიშნული პროექტის მიზნებზე, შესაძლებლობებსა და აუცილებლობაზე.  სტუ-ს სპიკერმა პროფესორ ჯემალ გახოკიძემ მოუწონა დეკანს ეს ინიციატივა და გამოთქვა საკუთარი შეხედულება ამ პროექტის მნიშვნელობაზე. საბჭოს შეფასებით ეს იქნება ყველაზე ღირებული, წარმატებული და საქართველოში პირველი სასწავლო პროგრამა, რომელსაც სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი განახორციელებს.

საბჭოს წინაშე წარსდგა პროფესორი ავთანდილ კიკნაძე, რომელმაც წარმოადგინა დებულება ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის შექმნის თაობაზე, ყურადღება გაამახვილა სრულიად პროექტის ღირებულებაზე და კონკრეტულად გააცნო დამსწრე საზოგადოებას კვლევითი ცენტრის საქმიანობის სფერო, მიზნები და ამოცანები.

დეკანმა ასევე წარმოადგინა შემდგომი ინფორმაცია: პროფესორ ალექსანდრე ტალიაშვილთან ერთად განხორციელდება პროექტი „სამართლიანობის ფილოსოფია“, რომლის ფარგლებშიც გამოქვეყნდება არაერთი სამეცნიერო ნაშრომი,  ასევე, პროფესორ იოსებ ბაჩიაშვილის პროექტი, სამომავლოდ შეიქმნას სახელმძღვანელო „სახელმწიფოსა და სამართლის თეორიის საფუძვლები“ და  საფაკულტეტთაშორისო  ცენტრის დაფინანსების თაობაზე.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთერთობების ფაკულტეტის მენეჯერმა ანა ფუტკარაძემ რამდენიმე საკითხი დააყენა ფაკულტეტის საბჭოს წინაშე, კერძოდ: 1. ინტერდისციპლინარული სადოქტორო პროგრამის შემუშავების შესახებ, ისაუბრა მიზნებსა და ამოცანებზე, ხაზი გაუსვა თანამშრომლობას  ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებს შორის. ასევე, დამტკიცდა  სტუ-ს ინტერდისციპლინარული სასწავლო-კვლევითი ცენტრის „სახელმწიფო- პოლიტიკა- კულტურა“-ს ინიციატივით დაგეგმილი უცხოელი პროფესორის  თეო კობუშის ვიზიტი სტუ-ში, რომელიც ჩაატარებს საჯარო ლექცია-სემინარებს.

ასევე განხილულ იქნა ფაკულტეტის სოციალური პროექტი, რომელიც უკვე მეორედ ხორციელდება. დაფინანსდებიან ის სტუდენტები, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები, აქვთ მძიმე ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობა. ფაკულტეტის საბჭოზე ასევე დააფიქსირეს საკუთარი შეხედულებები პროფესორებმა ჯემალ გახოკიძემ, ჯემალ გაბელიამ, იგორ კვესელავამ და სხვებმა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით.