Monthly Archives: June 2019
დეკანის საათი
2019 წლის 26 ივნისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი სტუდენტებს შეხვდა.
ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ გააცნო სტუდენტებს საგამოცდო და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხები. ხაზი გაუსვა მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებს.
დეკანისა და სტუდენტების შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, სტუდენტებმა აქტიურად დასვეს შეკითხვები სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში და მიიღეს ამომწურავი პასუხები ფაკულტეტის დეკანისგან. სტუდენტებმა წამოაყენეს ინფრასტრუქტურის, სასწავლო პროცესთან და სხვა რიგ საკითხებთან დაკავშირებული ასპექტები.
შეხვედრის ფორმატში ფაკულტეტის ადმინისტრაცია შეთანხმდა ზოგიერთი ცვლილების განხორციელების აუცილებლობაზე და სთხოვა სტუდენტებს აქტიურად ჩაერთონ ფაკულტეტის საქმიანობაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს იმიტირებული პროცესი
📍2019 წლის 27 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტის „ბავშვთა უფლებები“-ს ფარგლებში ჩატარდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმიტირებული პროცესი, (საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ), რომელშიც მონაწილეობდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები.
პროცესის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატი.
👩⚖️👩⚖️გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, რომელმაც წარმატებები უსურვა სტუდენტებს და მადლობა გადაუხადა ასეთი აქტიურობისთვის.
ფაკულტეტის საბჭოს მორიგი სხდომა
2019 წლის 26 ივნისს ჩატარდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს სხდომა, რომელსაც უძღვებოდა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია.
ფაკულტეტის სხდომაზე პროფესორმა ზვიად გაბისონიამ წარმოადგინა სამეცნიერო კვლევითი პროექტი “ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი რეგულაცია” , რომლის პრეზენტაცია გააკეთა საბჭოს წევრებისათვის.
პირველად საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ფაკულტეტის დაფინანსებით განხორციელდება ინტერდისციპლინარული პროექტი, რომელშიც ჩაერთვებიან სხვადასხვა მიმართულების მეცნიერ-მკვლევარები.
ფაკულტეტის საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი პროექტის განხორციელებას, წევრებმა გამოთქვეს თავიანთი შეხედულებები და გამოხატეს მზადყოფნა პროექტში ჩაერთონ მაქსიმალურად.
სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო კონფერენცია
2019 წლის 11-12 ივნისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სექციამ სტუ-ს 87-ე ღია, საერთაშორისო კონფერენციაზე იმუშავა.
სამუშაო სექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ. კონფერენციის მონაწილეებმა ორივე სექციისთვის შემუშავებული კომისიის წინაშე წარმოადგინეს მოხსენებები და შესაბამისი შეფასებებიც დაიმსახურეს.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 28 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, გიორგი ნიკოლაძის სახ. დარბაზში, სტუ-ის სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.
სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობენ სტუ-ის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები. კონფერენციის მუშაობა 64 დარგობრივ სექციაში, შესაბამის ფაკულტეტებსა და დეპარტამენტებში წარიმართა.
დისკუსია თემაზე: “საქართველო და მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში”
2019 წლის 31 მაისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით მაქსპლანკის მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის კვლევითი ცენტრის ტრანზიციული გარდამავალი ქვეყნების განყოფილების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ელიკო წიკლაური ლამიხმა და ტერორიზმის პრობლემის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა, კონფლიქტოლოგმა ბადრი ნაჭყებიამ ჩაატარეს დისკუსია თემაზე: “საქართველო და მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში”.
დისკუსია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისათვის და წარმატებები უსურვა დამსწრე სტუდენტებს.
პროფესორმა ელიკო წიკლაური-ლამიხმა და კონფლიქტოლოგმა ბადრი ნაჭყებიამ დისკუსიის რეჟიმში მიმოიხილეს საქართველო და მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში. წარმართეს დისკუსია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და წარმოაჩინეს საკუთარი შეხედულებები სამართლებრივ და პოლიტიკურ ჭრილში.
ასმათ მატუშევსკას პრაქტიკული და თეორიული სწავლება
✅❗️პროექტის − ,,კრიმინალისტიკური ტექნიკა თეორიასა და პრაქტიკაში” − ფარგლებში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზების სამმართველოს ექსპერტმა, ქალბატონმა ასმათ მატუშევსკაიამ მონაწილეებს ჩაუატარა თეორიული და პრაქტიკული კურსი ვიდეო და ფონოსკოპიურ ექსპერტიზებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
პირველ ეტაპზე მონაწილეები გაეცნენ აუდიო- და ვიდეოჩანაწერების ვიზუალური და პერცეფციული კვლევების, ჩანაწერების ავთენტურობის, ფიზიკური პირის ხმისა და მეტყველების მიხედვით იდენტიფიკაციის ძირითად მეთოდებსა და სხვადასახვა ტექნიკურ საშუალებასა თუ პროგრამულ უზრუნველყოფის საშუალებებს, ასევე − კომლექსური ექსპერტიზის დანიშვნისას ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის მნიშვნელობასა თუ გადასაწყვეტი საკითხების ფორმულირების ხერხებს. გაიაზრეს როგორი მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი შეიძლება იყოს შემთხვევის ადგილზე ან დანაშაულის დაგეგმვა-მომზადების პროცესში ჩაწერილი მასალა და როგორი სახის დანაშაულებების გახსნაა შესაძლებელი (მით უფრო მაშინ, როდესაც ჩანაწერი ერთადერთი მტკიცებულება შეიძლება აღმოჩნდეს საქმეში). გაიმართა დისკუსია ქვეყანაში არსებულ საკანომდებლო გამოწვევებზე, კერძოდ, ფარული ჩანაწერების დამზადება პირადი ინტერესებისა და უფლებების დაცვის მიზნითა თუ პირადი ცხოვრებისა და სივრცის ხელშეუხებლობის თვალსაზრისით.
პრაქტიკული უნარების გამომუშავების მიზნით (თეორიული საკითხების შესაბამისად) მორიგი შეხვედრა გაიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ექსპერტმა მონაწილეებს ჩაუატარა პრაქტიკული კურსი ვიდეო და ფონოსკოპიურ ექსპერტიზებთან დაკავშირებულ საკითხებზე. მსმენელებს უშუალოდ კომპიუტერული პროგრამებითა და ფოტოილუსტრაციების სახით ჰქონდათ შესაძლებლობა ენახათ, რა სახის ხელშემშლელი ფაქტორები, იმპულსები, წყვეტები, ფალსიფიკაიის კვალი შეიძლება დააფიქსიროს ექსპერტმა ფონოგრამათა კვლევისას, რა სახის სპეცეფექტები შესაძლოა იყოს გამოყენებული ვიდეო- და აუდიოჩანაწერებზე. მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ ვიზუალურად ეხილათ სხვადასხვა პიროვნების მიერ წარმოთქმული ერთი და იმავე სიტყვის ფიზიკური პარამეტრები, კერძოდ, ოსცილოგრამები, წარმოთქმული ფრაზებისა და წინადადებების მელოდიაური კონტურები, ხმის ძირითადი ტონი, ფორმანტთა განლაგება და ა.შ., რომელთა დეტალურად კვლევა საჭიროა დიქტორის ხმის საიდენტიფიკაციოდ.📌
რიგით მეშვიდე კონფერენცია “მსოფლიო და კავკასია”
2019 წლის 21 ივნისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ინიციატივით ჩატარდა რიგით მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მსოფლიო და კავკასია”.
კონფერენცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელიც მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს და წარმატებები უსურვა მათ.
კონფერენციას უძღვებოდა პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი იგორ კვესელავა.
კონფერენციაზე მომხსენებლებმა წარმოადგინეს აქტუალური და პრობლემატური საკითხები განსახილველად. კონფერენცია დაყოფილი იყო რამდენიმე სესიად. კონფერენციის დასასრულს მომხსენებლებს გადაეცათ მონაწილეობის სერტიფიკატები.